“ჩვენები”, “ჩემი ხალხი”, “ჩვენი ხალხი” - გულიდან წამოსულ ამ სიტყვებს საოცარი ძალა აქვთ. მინდა სამი ამბავი მოგიყვეთ:
ამბავი პირველი
ცოტა შორიდან დავიწყებ...
მოდით, ვაღიაროთ საიდან მოვდივართ...
გაგანია საბჭოთა კავშირი, ჯერ იმპერიის რყევა არ იგრძნობოდა, ის დრო იყო, ახლა რომ იხსენებენ - ყველანი ერთნი ვიყავით, ყველანი ტკბილად ვცხოვრობდით, არავინ კითხულობდა ვინ რა ეროვნების იყოო ( ნუ, ეროვნება ყველას დოკუმენტებში გვეწერა)... მაგრამ მითია ეს თუ სინამდვლე? მოდით, გავიხსენოთ როგორი იყო ეს ერთობა!
ერთ-ერთი ღონისძიება სკოლაში... აი ინტელექტუალური თამაშის - „რა, სად, როდის“ სტილში: სამი პარალელური კლასის სამი გუნდი გავეჯიბრეთ. შეკითხვები მასწავლებლების მომზადებული იყო, როგორც მახსოვს. მხოლოდ თითო შეკითხვა მოვუმზადეთ გუნდებმა ერთმანეთს. ჰოდა, ვერც კი წარმოიდგენთ, რა შეკითხვა დაგვისვა მოწინააღმდეგე გუნდმა: „რატომ უყვართ კონკრეტული ეროვნების ადამიანებს ვილვეტის ტანსაცმელიო“ (მაშინდელი მოდა ჯინსებთან ერთად ვილვეტსაც აღიარებდა... ეროვნებას კი არ ვასახელებ). მახსოვს, რომ პასუხად რაღაც ვითომ გონებამახვილური მოვიფიქრეთ. კითხვის ავტორებმა ვერსია დაგვიწუნეს და სწორი პასუხი გააჟღრეს. გაინტერესებთ? - „იმიტომ რომ ყველა ტილს თავისი გზა ჰქონდესო“!!! დარბაზს სიცილმა გადაურბინა.
ახლა სასტიკად ჟღერს, არა? მაშინ როგორ მივიღეთ ეს ამბავი? ჩვეულებრივად, სრულიად ჩვეულებრივად! ბავშვებით (მათ შორის იმ კონკრეტული ეროვნების წარმომადგენლებით), მასწავლებლებით გადაჭედილი დარბაზი, და ვითომ არაფერი... არც ერთ მასწავლებელს აზრად არ მოსვლია რამე ეთქვა. თუმცა ზოგიერთს, მართლა სჯობდა რომ არასოდეს არაფერი ეთქვა: ორი მახსენდება ასეთი - ერთ-ერთი წელიწადში ერთხელ მოსკოვში დადიოდა, იქიდან ჩამოსული აღშფოთებული გვიყვებოდა ხოლმე, თუ როგორ იბრალებდნენ ქართველობას საქართველოდან მოსკოვში ჩასული სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები (ეროვნებებს სათითაოდ ასახელებდა) და როგორ გვარცხვენდნენ. რას ვგრძნობდით ამ დროს ბავშვები? არ ვიცი. პროტესტს? არა! – რა პროტესტი, რა კრიტიკული აზროვნება საბჭოთა სკოლაში! რაიმე დადებით ემოციას? არა! მასწავლებლებისგან ფსიქოლოგიურ ძალადობას მიჩვეულნი ვისხედით ასე ზომბებივით და ვუსმენდით... ის მეორე ისტორიის მასწავლებელი იყო. ჩვენს თანამოქალაქე სხვადასხვა ეროვნებებზე საუბრისას მასში ჰიტლერის სული სახლდებოდა ნამდვილად... ჩხუბობდა და ილანძღბოდა დუჟმორეული... და ეს ყველაფერი ხდებოდა თბილისში, აი იმ მრავალეროვან კლასებში, ერთი-ორი არაქართველი მოსწავლე რომ აუცილებლად იჯდა! ხოლო რას განიცდიდნენ მაშინ ის მოსწავლეები, არც კი მინდა წარმოვიდგინო!
ჰოდა, იმ სტაბილურ საბჭოთა სინამდვილეში მოხდა მაშინ ის ამბავი, რომლის მოსაყოლადაც ამხელა შესავალი გავაკეთე... ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა იმის თქმა, რომ აზერბაიჯანელს მაშინ საერთოდ არავის ვიცნობდი - არა კლასელი, არა სკოლელი, არა მეზობელი, არა მეგობრის მეგობარ-ამხანაგი და ა. შ.... კონტაქტი მხოლოდ ბაზრით შემოიფარგლებოდა.
ერთხელ გამყიდველებს(ორი ქალი ერთად იდგა) რაღაცაზე შევევაჭრე .
- არაო, - მითხრა ერთ-ერთმა, - მაგ ფასად შენი ხალხი მოგცესო .
მივხვდი, რასაც გულისხმობდა. შემაწუხა ამ გათიშულობამ . იმ წამს გავაცნობიერე, რომ რაღაც ისე არ იყო - „ჩემი ხალხი და შენი ხალხი!“ „ჩვენ და ისინი!“ ერთ ქვეყანაში, ერთმანეთის გვერდიგვერდ არ იყო ნორმალური!
- ჩემი ხალხი ვინ არის-თქო? - ჩავეძიე.
- ვინ და შენი ქართველებიო. - ხელებით აქეთ-იქით მანიშნა.
- თქვენც ჩემი ხალხი ხართ-თქო - არ მოვეშვი.
- არაო, ჩვენ არაო, შენი ქართველებიო! - დამადუმა ცოტა გაკვირვებულმა და კოპებშეკრულმა. მეორე ქალი ყველაფერზე კვერს უკრავდა.
„ჩვენები“ , “ჩვენი ხალხი“, „ჩემი ხალხი“ - საოცარი ძალის მქონე სიტყვებიათქო, - ამით დავიწყე, მაგრამ ამ პირველ ამბავში ამ სიტყვებმა კრახი განიცადეს, არ მიიღეს, დაიწუნეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა. თუმცა პატარა სასწაული ამ სიტყვების წარმოთქმამ ჩემში ნამდვილად მოახდინა - მართლაც რომ, პირველად იყო სიტყვა!..
ამბავი მეორე
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ ანტალიაში, ქემერში მოხდა. ერთი რუსი ქალბატონი გავიცანით. იმდენად სიმბოლურად ჯდება ჩვენს რეალობაში, რომ გამოგონილი პერსონაჟი გეგონებათ. მაგრამ არა, ნამდვილია, თანაც ჩემი სეხნია - Тамара. არაჩვეულებრივ ფორმაში მყოფი საპენსიო ასაკში გადასული ქალბატონი. დასასვენებლად მარტო იყო ჩამოსული. სასტუმროში ჩვენი კარის მეზობელი. ერთი-ორჯერ ნომერში გვესტუმრა, თავის ნომერში შეგვაჭყიტა (გაჭენებული ოთახი ზღვაზე საოცარი ხედით), ერთი-ორჯერ სასადილოში შემოგვიერთდა და ერთხელ საყიდლებზე ერთად წავედით. ის პერიოდი იყო, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთში საქართველოს ბუმი რომ დაიწყო. გამოგვკითხა ჩვენი ქვეყნის ამბები, ჩამოსვლა მინდაო. ვგიჟდები საქართველოზე და ქართველებზეო, ახალგაზრდობაში ყოველ ზაფხულს იქ ვისვენებდი და ქართველები Царица Тамара - ს მეძახდნენო.
მოკლედ, ერთ საღამოს წავედით მახლობლად მდებარე ბაზრობაზე. სადაც, აღმოჩდა რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე მუშაობს: თბილისი, გურია, მარნეული... მე და ჩემი მეგობარი ჩვენს თანამემამულეებთან გულღია დიალოგში შევდიოდით. მარნეულელებთან რუსულად ვსაუბრობდით. Тамара - მ, სრულიად მოულოდნელად, კუდიანებზე ნადირობა დაიწყო - მარნეუელებს გადაეკიდა:
- Почему обманиваете что вы грузины,вы не грузины!
გადავიდა ასე შეტევაზე, უხეშად გაგვაწყვეტინა დიალოგი, დაგვძაბა.
- Для чего они должны обмануть? Они наши земляки, и говорят что они ИЗ ГРУЗИИ, и даже если скажут что ГРУЗИНЫ, этот термин в современной Грузии обозночает гражданство! - არამკითხე მოამბის განათლებით ვცდილობდი სიტუაციის განმუხტვას.
ერთი ახალგაზრდა ისე გაამწარა, რომ იმან მაღაზიიდან გამოაგდო, თან ჩვენ ბოდიშებს გვიხდიდა - დებო, თქვენი ხათრი მაქვს, თორემ ეს თავხედი მეტის ღირსიაო.
წამოვედით. დაძაბული დუმილი Тамара-მ უცნაური თავისმართლებით დაარღვია:
- Откуда я знала что между вами такие проблемы-ო.
რაო? თავისი პროვოკაციული გამოხტომები ჩვენ გადმოგვაბრალა!
გაოცებულმა შევხედე და გამეღიმა:
- Проблеми? или наабарот!
- Проблеми? или наабарот!
შეცბა, მისთვის უცხო - ახალი, თავისუფალი საქართველოს ნიავი იგრძნო.
ამბავი მესამე
ოოო... ეს ჩემი საყვარელი ამბავია.
ორიოდე წლის წინ მოხდა. დაფინანსებული სასკოლო პროექტის ფარგლებში თბილისში ექსკურსიაზე წავიყვანეთ უფროსკლასელები. მარშრუტი ასეთი იყო: მშვიდობის ხიდი, ექსპერიმენტული მუზეუმი, მთაწმინდის პარკი და ბოლოს, ლეღვთახევი.
ლეღვთახევიდან გამოვდიოდით. ბავშვები ჟრიამულობდნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. კმაყოფილებას ვერ მალავდა ალაჰვერდი მასწავლებელიც - არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი სკოლის ქიმიის მასწავლებელი: რომ არა ეს ექსკურსია, როდის ვნახავდი ამ სიმწვანეს და სილამაზესო. - რუსულად მესაუბრებოდა.
ამ დროს მოგვიახლოვდა ორი ქალბატონი. ყური მოვკარი, რომ ერთმა ჰკითხა მეორეს:
- ნეტა სადაურები არიან? - და ჩვენს ჯგუფზე მიანიშნა. როგორც ჩანს, ენამ მიიპყრო მისი ყურადღება.
მე ყურები ვცქვიტე, ალაჰვერდი მასწავლებელიც გაფაციცდა:
- ალბათ აზერბაიჯანელი ტურისტები არიან, ანდა ჩვენები იქნებიან მარნეულიდანო. -.
გული სიხარულით ამევსო.
- Что сказала ?- მომიბრუნდა ალაჰვერდი მასწავლებელი.
იმდენი ქართული კი ესმის რომ გაეგო, მაგრამ ეტყობა, უნდოდა დარწმუნებულიყო.
ვუთარგმნე მოჩვენებითი სიმშვიდით, თითქოს გამვლელი ქალბატონის პასუხი ჩემთვის ასეთი გულისამაჩუყებელი სულაც არ ყოფილა...
ალაჰვერდი მასწავლებელს ფრთები შეესხა, მსუბუქი და თან ძალიან მყარი ნაბიჯით განაგრძო გზა...